სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა დონორი ორგანიზაციების მიმართ

22 მაისი, 2013

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილების პრეცენდენტი მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოს განვითარების პერსპექტივას. ის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის წინსვლისთვის, თუმცა – არა საკმარისი. ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აქტიური, ჯანსაღი და რაციონალური ურთიერთობის დამყარებას.

დღეს აშკარაა ხელისუფლების მზადყოფნა, ჩართოს საზოგადოება პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შემუშავების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მოისმინოს ხელისუფლების გეგმები, შეაფასოს მათი ეფექტიანობა, დააყენოს ალტერნატიული წინადადებები და გააკონტროლოს ხელისუფლების შემდგომი ქმედებები. თუმცა შედარებით დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და ხელისუფლება მომავალშიც მოუსმენს სამოქალაქო საზოგადოებას. დიალოგისა და ჩართულობის შესანარჩუნებლად სამოქალაქო საზოგადოებამ დღესვე უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაშიც მას დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა სჭირდება. დონორების დახმარება სჭირდება ახალ ხელისუფლებასაც.

ამ განცხადებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გვინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო თანამეგობრობას დღემდე გაწეული დახმარებისა და მომავალი მხარდაჭერისთვის და ასევე, გავაცნოთ მათ ჩვენი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა სახის მუშაობა მიგვაჩნია პრიორიტეტულად სამომავლოდ.

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა:

• არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სურათი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქმედო გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. გაჩნდა როგორც ახალი შესაძლებლობები, ისე – ახალი გამოწვეებიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დონორებმა გადახედონ თავიანთ სტრატეგიებსა და პრიორიტეტებს, შეაფასონ ახალ რეალობასთან მათი ადექვატურობა და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ცვლილებები. ამ პროცესში მონაწილეობის მიღების და წინადადებების შეთავაზების შესაძლებლობა საქართველოს ახალ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასაც უნდა მიეცეს. შეცვლილი სტრატეგიები და პრიორიტეტები საჯარო უნდა გახდეს.

• იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებიდან დიდი დრო არაა გასული, ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მომავალში არაერთი ცვლილებაა მოსალოდნელი, დონორების პოლიტიკა და მიდგომები მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს. დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, მანამდე შეთანხმებული სამოქმედო გეგმები შეცვლილი რეალობის შესაბამისად გადააწყონ. ამ პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ბიუროკრატიული პროცედურები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და ეს ცვლილებები შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დასრულდეს.

• ზოგადად, უმჯობესი იქნება, თუ დონორი ორგანიზაციები საგრანტო პროგრამებს ზედმეტად ვიწრო ჩარჩოებს არ დაუდგენენ და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცემენ შესაძლებლობას, პრობლემების გადაჭრის უფრო კომპლექსური და საჭიროების შემთხვევაში, უფრო რისკიანი (მანამდე გამოუცდელი) მიდგომები გამოიყენონ. ხშირად, პრობლემის გადაჭრისთვის მხოლოდ კვლევა, მხოლოდ ადვოკატირება, მხოლოდ ცნობიერების ამაღლება და ცალკე აღებული ნებისმიერი სხვა მიდგომა საკმარისი არ არის. ამის მიუხედავად, ზოგიერთი დონორი მოითხოვს, რომ საგრანტო განაცხადში აქცენტი მხოლოდ ერთი ტიპის აქტივობაზე გაკეთდეს. რისკს რაც შეეხება, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა დონორები ნოვატორული იდეების დაფინანსებას ერიდებიან, რადგან უჭირთ იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენად გაამართლებს ასეთი იდეა.

• ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობამ კონკრეტული შედეგები გამოიღოს და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაიჭრას, თუმცა ამ მიზეზით დონორმა ორგანიზაციებმა სწრაფ შედეგებზე ზედმეტად დიდი აქცენტი არ უნდა გააკეთონ და მხოლოდ ისეთი პროექტები არ უნდა დააფინანსონ, რომლებიც ექვსი თვის თავზე ჰპირდება შედეგებს. ზოგიერთი პრობლემის ასეთ მოკლე დროში გადაჭრა არის შესაძლებელი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას მაქსიმალურად უნდა ეცადონ, თუმცა არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოწესრიგებაც მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. შესაბამისად, დონორებმა მხარი ისეთ პროექტებსაც უნდა დაუჭირონ, რომლებიც უფრო გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი და პრობლემას თუ სრულად ვერ ჭრის, მისი გადაჭრისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას მაინც ქმნის.

• უკვე არაერთი ათეული წელია დონორი ორგანიზაციები ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას დახმარებას უწევენ. ამ პერიოდში რამდენიმე ორგანიზაციამ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მათი მიზნები და საქმიანობა სამართლიანი, პრინციპული, მიუკერძოებელი და ქვეყნისთვის სასარგებლოა. დონორებმა ასეთ ორგანიზაციებს თავისუფალი ე.წ. Core (და არა პროექტებზე მიბმული) დაფინანსება უნდა გამოუყონ და მისცენ მათ შესაძლებლობა, თავად დაგეგმონ, როგორ გაანაწილონ მიღებული ფული დასახული მიზნების მისაღწევად.
შესაძლებელია, დამატებით წინაპირობებად ორგანიზაციაში შიდა დემოკრატიის პრინციპების დაცვა (გადაწყვეტილების მიღების პროცესში რიგითი თანამშრომლებისა და წევრების მონაწილეობა), ბენეფიციარებთან აქტიური კომუნიკაციის მექანიზმების არსებობა (პრიორიტეტების განსაზღვრასა და საქმიანობის დაგეგმვაში ბენეფიციარების ჩართვა, გაწეული სამუშაოს შესახებ მათი ინფორმირება და ა.შ.), ფინანსური და პროგრამული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა (შესაბამისი ანგარიშების განსაჯაროება და საჯარო დისკუსიების ორგანიზება) და სხვა მსგავსი კრიტერიუბი იქნას გამოყენებული. ყველა შემთხვევაში, ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები გამჭვირვალე უნდა იყოს.

• აუცილებელია ახალი ჯგუფებისა და ინიციატივების წახალისებაც, რაც სამოქალაქო საზოგადოების ახალი იდეებითა და ენთუზიაზმით გამდიდრებას შეუწყობს ხელს. ამისთვის შესაძლებელია ახალი ორგანიზაციების დაფინანსება (ე.წ. Seed გრანტების გაცემა), გამოცდილი და ახალი ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერა, არასამთავრობო ორგანიზაციებში ახალგაზრდების სტაჟირების დაფინანსება და სხვა ღონისძიებების მხარდაჭერა.

• იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მმართველობების როლი მომავალში, სავარაუდოდ, გაიზრდება (ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამა მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა დეცენტრალიზაციის აუცილებლობა), განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული არასამთავრობოების დაფინანსებაც.

• სასურველია, შენარჩუნებულ იქნას ის მუხტიც, რომელიც არჩევნების წინა პერიოდში ახალგაზრდებში გაჩნდა. ახალგაზრდული ჯგუფებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა არა მხოლოდ დონორი ორგანიზაციების, არამედ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილიც უნდა გახდეს.

• არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია მათი ადმინისტრაციული და ორგანიზაციული განვითარების ხარჯების სათანადოდ დაფინანსებაც. როგორც მინიმუმ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, (ა) ადექვატური ანაზღაურების შეთავაზების გზით, კვალიფიციური კადრები მიიზიდონ და შეინარჩუნონ და (ბ) დონორების დაფინანსება ფინანსური აუდიტისა და პროგრამული საქმიანობის პროფესიული შეფასებისთვის გამოიყენონ. ამის საპირისპიროდ დღეს დონორების უმრავლესობა ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ხარჯებზე ძალიან დაბალ ზედა ზღვრებს აწესებს.

• და ბოლოს, აუცილებელია, რომ დონორმა ორგანიზაციებმა, ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ახლავე დაიწყონ მსჯელობა სპეციალური (ე.წ. Endowment) ფონდის შექმნაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მომავალი მუშაობისთვის (საერთაშორისო დაფინანსების შემცირების შემდეგ) მოხდება თანხების აკუმულირება. საჭიროა მუშაობის დაწყება სახელმწიფო გრანტების, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, არასამთავრობო ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის, კვლევების მეთოდოლოგიების გაუმჯობესებისა და სხვა მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობაზეც.

ხელისუფლების დახმარება:

წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი რეფორმების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის აუცილებლობის უგულვებელყოფა იყო. ამან, ერთის მხრივ, საზოგადოების გაუცხოება, მეორეს მხრივ კი _ რეფორმების პროცესში დაშვებული არაერთი შეცდომა გამოიწვია. ახალ ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით მოუწევს მუშაობა. უახლოეს მომავალში დონორების განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ მიმართულებებზე უნდა გამახვილდეს:

• სხვადასხვა სფეროს რეფორმირების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში ექსპერტული დახმარების გაწევა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მოთხოვნა.

• სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციის მოთხოვნა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავებაში მხარდაჭერა.

• ისეთი მწვავე პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაში დახმარება, როგორიცაა, სხვადასხვა პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულების სამართლიანი და ობიექტური გამოძიება, რათა თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი სამართალი; კერძო საკუთრების უფლების შელახვის ფაქტების გამოძიება და მათზე ადეკვატური რეაგირება; 24-საათიანი ენერგომიწოდებისა და ენერგოუსაფრთხოების უზუნველყოფა/შენარჩუნება; პენიტენციური სისტემის რეფორმა – პატიმართა უფლებების დაცვა და სისტემაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება; წინა ხელისუფლების დროს დანიშნული საჯარო მოხელეების შესაძლო არამართლზომიერი დათხოვნების პრევენცია; იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ცარიელ შენობებში უკანონოდ შეჭრის შემთხვევებსა და გაფიცვებზე ადეკვატური რეაგირება; კრიმინალის გაზრდის პრევენცია და უმცირესობების უფლებების დაცვა.

• შედარებით მოკლევადიან პერსპექტივაში გადასაჭრელ პრობლემათა გარდა, აუცილებელია ყურადღების გამახვილება გრძელვადიანი ეფექტის მქონე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა განათლების ხარისხის ამაღლება (როგორც ფორმალურის, ისე არაფორმალურის), უმუშევრობის შემცირება, დამოუკიდებელი მაკონტროლებელი სტრუქტურების გაძლიერება და მათი რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, გენდერული საკითხების ინტეგრირება პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება და კერძო საკუთრების უფლების დაცვის მყარი გარანტიების შექმნა. სწორედ ამ პრობლემების მოგვარება დაეხმარება ყველაზე მეტად ქართული დემოკრატიის განმტკიცებას და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის პროცესში დონორმა ორგანიზაციებმა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაშვებული შეცდომა არ გაიმეორონ, მთლიანი აქცენტი ხელისუფლების დახმარებაზე არ გადაიტანონ და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა მკვეთრად არ შეამცირონ. მათ უნდა განასაჯაროონ, რა სახის დახმარებას უწევენ ხელისუფლებას, რა ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ და რა მოლოდინები აქვთ და ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მისცენ. ამას გარდა, თუ დონორები ცალკეულ სამინისტროებს პროექტებს დაუფინანსებენ, შესაძლებელია, რომ ამ დაფინანსების მცირე პროცენტი რომელიმე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ან არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფს გამოუყონ, რათა მათ გააკონტროლონ, რამდენად სწორად ხარჯავენ ფულს შესაბამისი სამინისტროები. მნიშვნელოვანია, ასევე, ისეთი ტიპის დაფინანსების უზრუნველყოფა, რომელიც დააკავშირებს სამოქალაქო სექტორის ექსპერტიზასა და ხელისუფლების საჭიროებებს, რაც გახდება სამთავრობო, საერთაშორისო და საზოგადოებრივი სექტორების თანამშრომლობის წამახალისებელი.

საქართველო დღეს მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. როგორც წარსულში, მას ახლაც აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი. ქართული სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებული მუშაობა ქვეყნის წარმატების შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის და მას სწორი მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება.

ხელმომწერები:

1. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“
2. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
3. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
6. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
7. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF)
8. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS)
9. ALPE
10. ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC)
11. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)
12. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)
13. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
14. ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
15. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
16. ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრები:

17. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
18. დემოკრატ მესხთა კავშირი
19. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
20. სამოქალაქო საზოგადოების კვლევის და განვითარების ცენტრი
21. კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო
22. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
23. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
24. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი
25. მეგობრობის ხიდი “ქართლოსი”
26. გორის ინვალიდთა კლუბი
27. ასოციაცია „ბილიკი“
28. ძალადობისგან დაცვის ეროვნული პლათფორმის ხაშურის კომიტეტი
29. უკეთესი მომავლისთვის
30. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი – მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი
31. დუშეთის განვითარების ფონდი
32. სტეფანწმინდა
33. ასოციაცია „ტოლერანტი“
34. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი
35. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“
36. ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი
37. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
38. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
39. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
40. ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“
41. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
42. ასოციაცია „გაენათი“
43. ფონდი „აფხაზინტერკონტი“
44. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
45. ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
46. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
47. გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი
48. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
49. ბორჯღალი
50. დემოკრატიის ინსტიტუტი
51. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი

17 მაისი – ევროპის დაისი

chafikrebuli zviadiტყუის ვინც ამბობს, რომ არ ელოდა ასეთ აგრესიას.
ტყუის, ვინც ამბობს, რომ არაფერი მომხდარა.
ტყუის, ვინც ამბობს, რომ მომავალი თაობები გადაარჩინა აქციის დარბევით.
ტყუის, ვინც ამბობს, რომ ქრისტეს იცავდა თავისუფლების მოედანზე, თან სხვის თავისუფლებას ზღუდავდა.
ტყუის ვინც ამბობს 1 სიტყვით, რომ „ემიჯნება“ და შემდეგ, „მაგრამ“-ს და 100 საწინაღმდეგო სიტყვას აყოლებს.

სულ ტყუილად მეგონა 14-15 წლისას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მორჩებოდა ტყუილები. მეგონა, მარტო საბჭოთა კომუნისტები იტყუებოდნენ. მერე ყველმა მოიტყუა.

2 დღეა ვფიქრობ, 17 მაისს რას მოხდა და გავერკვე იმ ტყუილებში, რომელშიც 20 წელია უკვე ვცხოვრობთ:

17 მაისი – ევროპის დაისი. დაისი ხო პროცესია და ისე არ გამიგოთ, თითქოს 17 მაისს დაიწყო და დასრულდა იგი. მთელი ამ წლების განმავლობაში, „ევროპული დაისი“ მოჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტს, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის საწინააღმდეგო ყოველ გალაშქრებას. თუმცა, 17-მა მაისმა ევროპულ დაისში მაინც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ერთ დღეს, არათუ ხელისუფალი, არამედ კარგად ორგანიზებული 100 ათასობით ადამიანი გავიდა კანონის ჩარჩოებს მიღმა, თავისი „სამართალი“ აღასრულა და სახელმწიფოს დაექადნა არავიში შეგეშალოთო.

„გაგება“. მეჩვენება, რომ ყოველ მეორე პოსტში, სტატიაში 17 მაისის მხოლოდ ევროპულ ჭრილში შეფასება, არასწორია. როდესაც დარბევის კადრებს ვუყურებდი, არ მიფიქრია ადამიანის უფლებების ევროპული ქარტიის მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციაზე და ევროკავშირის სავარაუდო შეშფოთებაზე. ვფიქრობდი, სუფთა ადამიანურად, ქართულად რამდენად მართალი იყო 20 000-ის მიერ 20-ის დარბევა, კაცის მოქნეული ხელით ქალის თავის გატეხვა, ადამიანის სისხლის მოწყურება, კოლექტიური ზიზღი და შეუწყნარებლობა, ჯერ დაგეგმილი ძალადობა და შემდეგ დაგეგმილი ლოცვა.

ლგბტ-ს თუ ღირებულებების დარბევა. თავის მოტყუებაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის ვინც არბევდა ბნელია, რომ მათ არ იციან, არ წაუკითხავთ, სოციალურ ქსელებში არ არიან და ინფორმაციაზე არ მიუწვდებათ ხელი. ეს დარბევა იმ 9 წლიანი ქადაგების შედეგია, რომლიც იმისდამიუხედავად რა თემას ეძღვნებოდა, ყველა ეკლესიაში სრულდებოდა ანტიდასავლური შინაარსის შემცველი სიტყვებით – „კართაგენი უნდა დაინგრეს“. ასე რომ, თუ ვინმეს მისდევდნენ 17 მაისს თავისუფლების მოედანზე და თუ ვინმეს ტენიდნენ ყვითელ ავტობუსებში,- ეს ღირებულებები იყო.

ცრუ ევროინტეგრაცია და რეალური რუსეთი. არავითარი სვლა ევროპისკენ არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური კამპანია, ილუზია, რომ შემდეგ წელს მივიღებდით მაპს, მიგვიღებდნენ ევროკავშირში და ეს მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობას და უსაფრთხოებას მოგვიტანდა. ცხრაწლიანი მოლოდინი დასრულდა და ეს მალე სოციოლოგიურ კვლევებშიც აისახება. რთული და უცხო გამოდგა ევროინტეგრაცია თავისი სტანდარტებით და ღირებულებებით. რუსეთის ბაზარი ჩვენი საფანტივით მანდარინისთვის მისწრებაა და არც ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გაგვკიცხავს ერთმორწმუნე. 17 მაისს ნათლად გაცხადდა, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს ევროპისკენ. მთელი ეს წლები ევროპა იყო ჩვენთან მოსული. მაშინ, როცა 1000 ნაბიჯი გვაქვს გადადგმული რუსეთისკენ ისე, რომ თავად ერთი ნაბიჯიც არ გადმოუდგამს.

ხელისუფლების არასწორი პრიორიტეტები. უკანასკნელი წლების განმავლობაში ათეულობით მილიარდი დაიხარჯ და კვლავაც იხარჯება თავდაცვისა და ინფრასტუქტურის სფეროებში. 17-მა მაისმა გასცა პასუხი რამდენად გამართლებული იყო და არის ეს ინვესტიცია. ამ წლების განმავლობაში, ამ მოცულობის თანხა განათლებაში რომ დახარჯულიყო, დანგრეული გზებითა და მე-19 საუკუნის შაშხანით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ბევრად უფრო ახლოს იქნებოდა.

სიღარიბე და არარეალიზებულობა. შუქი, გაზი და გზები გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ადამიანების ჩართვა მმართველობის პროცესში. პირიქით, ისინი პასიურობისთვის გაწირა, საკუთარი სერვისების კლიენტებად აქცია და ჩათვალა, რომ მან თავად, ადამიანებზე უკეთ იცის თუ რა სურთ მათ. უმუშევარი და არარეალიზებული ადამიანების თავშესაფრად ეკლესია იქცა. ხელისუფლებამ ამით სახელმწიფოებრივად სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

არაეფექტური და ურეინტინგო ხელისუფალნი. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ქვეყნის სტაბილურობა (ფაქტობრივად, სამივე ხელისუფლების პირობებში იომა ქვეყანამ) და ადამიანების ცხოვრების დონის ხელშესახები გაუმჯობესება. ამ წლების გადასახედიდან, ყველაზე სტაბილური ინსტიტუცია ეკლესია გამოდგა, რომელმაც აშენა ტაძრები და ამრავლა მრევლი. მოძლიერდა ეკონომიკურად. შეიქმნა სტაბილური ნდობა და ინსტიტუციებს შორის ყველა გამოკვლევით ლიდერობს. ხელისუფლებები კი მოდიოდნენ 80% ნდობით და მიდიოდნენ – 10%-იანით (ან არც მიდიოდნენ, უბრალოდ ამხობდნენ მათ). სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებით, პოლიტიკურ მოპალარაკებებსა და საქმიანობებში მედიატორისა და ცალკეულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიმღების სტატუსის მინიჭებით, სხვა არაფორმალური სიკეთეებით ცდილობდა და ცდილობს საერო ხელისუფლება სასულიერო ხელისუფლებასთან თანაარსებობასა და მმართველობის ლეგიტიმაციის მიღებას. ხალხთან შრომატევად და მაინც, რისკის შემცველ ურთიერთქმედებას, ყველა ხელისუფალმა ეკლესიასთან ნაცადი, ინსტიტუციური და ინდულგენციური ურთიერთქმედება ამჯობინა.

ტოლარანტობა მითია. ერთადერთი რითაც ეს მითი სულდგმულობს ძველი თბილისის ისტორიული უბანია. ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია ყოველივე განსხვავებული და სულ ერთია ეს განსხვავება ეროვნებაა, რელიგიაა, სქესია თუ სუფთა საყოფაცხოვრებო – მაგალითად, უკეთესი მანქანა, აგარაკი და “ცოლი”. ვერ ვიტანთ ერთმანეთს და ამის გამოსახატად სიტყვებიც არ გვჭირდება. სხეულის ყველა ნაკვთი ამას გამოხატავს. არ მგონია, ზიზღის პანტომიმაში ბადალი გვყავდეს.

2002 წელს გაფორმებული კონკორდატი. უპირველესად, ამ შეთანხმების პირობებში ვერ მოხდა საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ადგილისა და იმავდროულად, რწმენისა და კონსტიტუციით გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო შეთანხმებამ, საერო სახელმწიფოს წიაღში სასულიერო სახელმწიფო წარმოშვა, რომელთა პრინციპების დაპირისპირება დროის ამბავი იყო.

ახალი ძალა. აქციის დარბევა, დამრბევთა ორგანიზებულობა, ფიზიკური კონდიციები და ამის შემდგომი კომენტარები სასულიერო პირების მხრიდან, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ბრძოლა იქნება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოებასთან. ორგანიზატორთა შეხედულებებით თუ ვიმსჯელებთ, არსებობს იმის საფრთხე, რომ მოძალადეებმა არაფორმალური დაჯგუფების სახე მიიღონ და ღვთის სახელით გაუსწორდნენ ყველას, ვინც წინ გადაეღობებათ. არაა გამორიცხული, რომ ეკლესიის წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილი (და მათ წინ, თუ უკან მდგომი საერო პირები) აღარ დაკმაყოფილდენენ მისდამი ლოიალური ხელისუფლების არსებობით და თავად გადაწყვიტონ, იყონ საეროც და სასულიერო ხელისუფალნიც.

17 მაისი ჯერ არ დასრულებულა. სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობის ასპექტები, არ მოხდება წარსული შეცდომების გათვალსიწინება. საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხე ემუქრება.

თვითმმართველობებში დევნილთა პრიორიტეტების მხარდაჭერაზე მუშაობენ

Image

ინტერვიუ დევნილთა საკითხებზე ,,სიდას” ადვოკატირების მენეჯერთან ჯუბა მარუაშვილთან

ჯუბა, დასრულდა პროექტ SIIMS-ის ადვოკატირების პირველი ეტაპი, რა ეტაპი იყო ეს და ვინ იყვნენ სამიზნე ჯგუფები?

როგორც მოგეხსენებათ, პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება ხორციელდება ,,სიდასა” და ,,ქეა საერთაშორისოს” მიერ ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2009 წლიდან. შარშან სექტემბრიდან კი დაიწყო ამ პროექტის ადვოკატირების კომპონენტის იმპელემნტაცია, რაც გულისხმობს ქვემო და შიდა ქართლში ჩასახლებულ დევნილთა პრობლემების იდენტიფიკაციას და მათი მოგვარების ლობირებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. ამ ეტაპზე ჩვენს სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: დევნილთა ჩასახლებები, ადგილობრივი თვითამმართველობები, ცენტრალური ხელისუფლება, ბიზნესსექტორი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. აუდიტორია საკმაოდ განსხვავებული გვყავდა შესაბამისად, საქმიანობაც და მათ განხორციელებაში გამოყენებული მიდგომებიც მრავალფეროვანი იყო.

რა სახის შეხვედრები გაიმართა აღნიშნული პროექტის ფარგლებში და ვინ უწევდა მას ფასილიტაციას?

დღეისათვის დასრულდა ადვოკატირების კომპონენტის ძირითადი ნაწილი, რომლის ფარგლებში ჩატარდა სამუშაოები, როგორც დევნილთა ჩასახლებებში, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. კერძოდ, პროექტის დასაწყისშივე შევიმუშავეთ ადვოკატირების მეთოდოლოგია და დავგეგმეთ მთლიანი პროცესი. ამისთვის შევხვდით ცენტრალური ხელისუფლებისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს.
შემდგომ ეტაპზე მოეწყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, სადაც განთავსებულია დევნილთა ჩასახლებები, კერძოდ თეთრიწყაროში, მარნეულში, გორსა და კასპში. პარალელურ რეჟიმში „ქეა საერთაშორისოს“ მობილიზატორების დახმარებით შეიქმნა დევნილთა ჩასახლებების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმები, რომლის ფარგლებში აღწერილ იქნა ყველა დასახლება, იქ არსებული სიტუაცია და დასახულ იქნა ამ მდგომარეობის გაუმჯობესების აქტივობები. ამასთან, გამოვლინდა ის პრიორიტებები, რომელთა ადგილობრივ ბიუჯეტებში ასახვაც იყო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ამისათვის 2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ინტენსიური შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოთა წარმომადგენლებთან. გავეცანით თითოეულ ჩასახლებაში გამოვლენილ პრობლემებსა და საჭიროებებს მათ შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის უკეთესი გზების პოვნის მიზნით. აღნიშნული შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ფასილიტატორი იყო სწორედ „სიდა“.

რა ძირითადი პრიორიტეტები და საჭიროებები გამოიკვეთა დევნილებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრების დროს?
დევნილთა ჩასახლებებში გამოკვეთილი ძირითადი პრიორიტეტები ეხება ინფრასტრუქტურულ, კომუნალურ და სოციალურ საკითხებს,როგორიც არის: შიდა გზების მოპირკეთება, კოტეჯების დათბუნება,გაზიფიკაცია, საკანალიზაციო და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია. ასევე პრობლემებია სოციალური მიმართულებით. პრობლემათა ჩამონათვალში არის ისეთი საკითხები, რომელიც სცდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას და კომპეტენციებს. ის წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების საზრუნავს. ,,სიდა“ ამ მიმართლებითაც მუშაობს და პროექტის მიმდინარეობისას ორგანიზებულ იქნა არაერთი შეხვედრა, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და დევნილთა განსახლების სამინისტროებთან. ის პრობლემები, რომელებიც უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრების ძირითად თემატიკას წარმოადგენენ. მუნიციპალიტეტები მზად არიან არასაკმარისი ფინანსური რესურსების შემთხვევაში მოსახლეობას შესთავაზონ თანადაფინანსება. ეს ძირითადად ეხება გაზიფიკაციისა და ინდივიდუალური სათავსოების მოწყობის პრობლემებს.

რა შედეგი მივიღეთ რეგიონულ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით?

ჩვენთვის და დევნილებისთვისაც ძალზედ სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობის შედეგად გამოვლენილი პრიორიტეტების დიდი ნაწილი აისახა 2013 წლის ბიუჯეტში. მაგალითად ქარელის მუნიციპალიტეტში შემავალ ჩასახლებებში გამოვლენილი პრიორიტეტების თითქმის 90% შევიდა თიღვის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტში,რომელიც უშუალოდ კურირებს ჩასახლებებს. აქ მოსახლეობა ძირითადა დევნილია სწორედ თიღვის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.
კასპის მუნიციპალიტეტში არსებულ ჩასახლებებთან მიმართებაში მიღწეულია შეთანხმება გაზიფიცირების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით და სხვა.
რაც შეეხება მარნეულს, პრიორიტეტების მნიშვნელოვან ნაწილზე მივაღწიეთ შეთანხმებას დაფინანსებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვგეგმავთ მუნიციპალიტეტის ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, რათა დადგინდეს რამდენად იქნა ეს ყოველივე ასახული ბიუჯეტში. გორის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აქ არსებულ პრიორიტეტებთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს მუშაობა, რადგან პროცესებზე მნიშვნელოვნად იქონია გავლენამ ცვლილებებმა, რომელიც განხორციელდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაში. თუმცა შეხვედრები გაიმართა ახალ ხელმძღვანელობასთანაც. პრიორიტეტების გარკვეული ნაწილის დაძლევაზე მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა, თუმცა როგორც მოგახსენეთ ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოახდინოს არსებული პრობლემების მაქსიმალურად ასახვა ბიუჯეტში და ამ მიზნით ვაგრძელებთ მათთან ინტენსსიურ მუშაობას.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ და კომუნალურ საჭიროებებთან მიმართებაში არის გარკვეული წინსვლა. დაიწყო სახურავების გადახურვის პროცესი, ასევე მოხდა კომუნალური გადასახადების გადახდის თარიღების შეცვლა მოსახლეობის სასარგებლოდ. ჩვენ სწორედ მიმდინარე ეტაპს ვუთმობთ იმ მიღწევების საბოლოო შეჯამებას , რომელიც პროექტის ფარგლებში მოხდა. თუმცა უნდააღინიშნოს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები წარმოქმნა სწორედ ადგილობრივ დონეზე.

რამდენად არის სურვილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ჩაერთოს აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში და რა გზებს გთავაზობენ ისინი?
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. მითუმეტეს მათ კარგად ახსოვთ ის აქტივობები, რომელიც „სიდამ“ და „ქეამ“ ერთობლივად განახორციელეს დევნილთა ჩასახლებებში 2009 წლიდან. მათი სურვილი დაეხმარონ დევნილებს საკმაოდ დიდია, თუმცა მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მათთან მუშაობას, რათა დევნილების პრობლემების მოგვარებაში მაქსიმალურად ჩავრთოთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რა სახის პრობლემები გამოჩნდა ადვოკატირების პროცესის დროს?
როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადი პრობლემა, რომელმაც პროექტის მუშაობის ტემპი გარკვეულ წილად შეანელა სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე ცვლილებებია, რომლებიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარდა. მოხდა ხელმძღვანელობის ეტაპობრივი ცვლილება, რამაც გამოიწვია ის, რომ ფაქტობრივად გვიწევდა ორჯერ, ან ზოგ შემთხვევაში სამჯერაც კი ერთსა და იმავე საკითხზე შეხვედრა. თან ახალი ხელმძღვანელობა ყოველთვის გარკვეულ დროს ითხოვს ვითარებაში გარკვევისთვის რამაც გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა,თუმცა რეალური და ხელშესახები შედეგები მაინც იქნა მიღწეული და ამ ეტაპზე სწორედ ზემოთ აღნიშნულ ცვლილებათა გამო კვლავ ინტენსიურად და გაორმაგებული ძალისხმევით ვაგრძელებთ მუშაობას.

როგორ განვითარდება სამომავლოდ პროექტი?
პროექტის უახლოესი პერიოდი დაეთმობა მუნიციპალიტეტებთან მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, თვითმმართველობის ორგანოთაგარდა სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრებსა და მათ ჩართვას იმ პრიორიტეტების მხარდაჭერაში, რომელიც ჩასასხლებებში გამოვლინდა. სულ ახლახანს დავაფუძნეთ პროექტის ადვოკატირების ქსელი, რომელიც შედგება დევნილთა თხუთმეტივე ჩასახლების წარმომადგენლისგან, რომლებიც შემდგომში თავად შეძლებენ საკუთარი საჭიროებებისა და მოთხოვნების გახმოვანებას და დაცვას. ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც პროცესის ავტომატურად გაგრძელების ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად, და მისი მდგრადობის უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტად.

სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

statement2012 წელს 1 ოქტომბერი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატულებით, არჩევნების გზით, შეიცვალა ხელისუფლება, რის შედეგადაც მივიღეთ ახალი პოლიტიკური რეალობა.
საერთაშორისო საზოგადოება დიდ ინტერესს იჩენს ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებისადმი. დასავლელი პარტნიორების მოლოდინია, რომ ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება, რაც არჩევნების დღის შედეგმა დააფიქსირა, არ გახდება „დემოკრატიული პროგრესის ერთი დღე“ და მას თანმიმდევრული დემოკრატიული ნაბიჯები მოყვება, როგორც ახალი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციაში გადასული ყოფილი უმრავლესობის მხრიდანაც.

აქვე, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა. მოსახლეობა, რომელმაც გამოიჩინა სიბრძნე და საკუთარი აქტიურობით არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ქვეყანაში, დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილების ისტორიულ მოვლენას დაუდო საფუძველი. ამ ცვლილებების ერთ-ერთი განმაპირობებელი, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის განცდა იყო და სავსებით ლეგიტიმურია ამ საზოგადოების მოთხოვნა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
არჩევნების შემდგომ განვლილი ოთხი თვის ანალიზი, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სახეზეა პოლიტიკურ ძალთა შორის კოაბიტაციის პრობლემა. თანაარსებობისა და განვითარებაზე ორიენტაციის ნაცვლად, მხოლოდ „სამართლიანობის აღდგენის“ საზოგადოებრივი დაკვეთის რეალიზაციას ვხედავთ. იკვეთება თვითმმართველობების საქმიანობაში ხელის შეშლის საშიში ტენდეცია, უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე სახელმწიფო ინსტიტუტების არაერთგვაროვანი რეაგირება, ჩნდება კითხვები საკადრო პოლიტიკის სამართლიანობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

შეიძლება ითქვას, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ, რომლის საქმიანობა ბევრ სფეროში იყო აღიარებული, როგორც წარმატებული და სამაგალითო რეგიონისთვის, ვერ მოახერხა საჯარო უწყებების საქმიანობის პოლიტიკური პარტიის საქმიანობისგან გამიჯვნა, დემოკრატიის გაძლიერება, არ გახსნა კარი სამოქალაქო მონაწილეობისთვის და საზოგადოებისგან იზოლირება მოახდინა. ამან გამოიწვია სისტემური ხარვეზების წარმოშობა, რისი გამოხატულებებიც იყო მაგალითად: მართლმსაჯულების შერჩევითობა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება, გაუმჭვირვალობა და სხვა.

ამ ხარვეზების შედეგია რეალობა, რომლის მიხედვითაც, „სამართლიანობის აღდგენის“ პირობებში, კანონის წინაშე მოუწევთ წარდგომა ათასობით ადამიანს, რომლებიც ამ ხარვეზების მქონე სისტემში მუშაობდნენ ან კავშირი ქონდათ მასთან. კერძოდ: სავარაუდოდ, ყველა გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამსახურის უფროსების ნაწილი, მინისტრები და მათი მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსების ნაწილი, პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლეების ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პატრულის თანამშრომლების ნაწილი, სკოლების და ბაღების დირექტორები, მასწავლებლების ნაწილი, ბიზნესების წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოდან ფინანსდებოდნენ და ა.შ.

ამ პირობებში უმჯობესია, რომ ხელისუფლებამ აქცენტი სისტემური პრობლემების ანალიზზე გააკეთოს. ამ ეტაპების გავლის გარეშე, განსაკუთრებით იმ პირების დაკავებას, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი, პოლიტიკური შურისძიების ინტერპრეტაცია ეძლევა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, სისტემური ანალიზის გარეშე, ახალ ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს შერჩევითი მართლმსაჯულება. საზოგადოების ინტერესი კი, სწორედ არასამართლიანი სისტემის არსებობის პრევენციაა და არა მხოლოდ ამ სისტემაზე მომუშავე ცალკეული პიროვნების დასჯა.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთის პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული აჟიოტაჟი ახლავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებებს, თვითმმართველობებზე ზეწოლასა და უმცირესობების უფლებების დაუცველობას, უნდა ითქვას, რომ უმთავრესი პრობლემა საქართველოს მოსახლეობის მზაობის ნაკლებობაა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. აქცენტი გააკეთოს არა მხოლოდ ცალკეული კანონდარღვევის გამოვლენის მოთხოვნაზე, არამედ გაანალიზოს, თუ რას წარმოადგენდა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ძირითად პრობლემას და როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემების პრევენცია.
საქართველოს უახლესი ისტორიის არცერთ ეტაპს და მნიშვნელოვან მოვლენას ანალიზი, საზოგადოებრივი შეფასება და კონსენსუსი არ მოყოლია: საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება და სამოქალაქო შეუწყნარებლობა; სამხედრო გადატრიალება და სამოქალაქო დაპირისპირება, მათ შორის სამეგრელოში განვითარებული მოვლენები; ომები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი; „ვარდების რევოლუცია“.

სწორედ კონსენსუსის და ანალიზის არ არსებობის გამო, ყველა მოვლენა სრულდებოდა ერთი ჯგუფის მეორეზე დროებით „გაბატონებით“ და პირველის მარგინალიზაციით. შესაბამისად, არ დარჩა 4 მილიონიან საზოგადოებაში ადამიანი, რომელიც მენტალურად მაინც არ ყოფილიყო „ბატონიც“ და „მარგინალიზებულიც“. და არსებობს საფრთხე, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი ასევე ერთ-ერთ მორიგ „მოუნელებელ“ ფურცლად იქცეს საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, ეს წრე არ სრულდება.

• იმისთვის, რომ საქართველომ, საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისად, შეძლოს კანონის უზენაესობის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ეფექტიანი რეფორმების განხორციელება;

• იმისათვის, რომ საქართველომ, საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისად, უპასუხოს საგარეო გამოწვევებს და განაგრძოს სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ;
• იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, განვითარებაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოება და საბოლოოდ ჩამოვშორდეთ საბჭოთა მენტალიტეტს;
• იმისათვის, რომ, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ასევე ჩვენივე თავი დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მომავალი, აქვს სახელმწიფოებრიობის იდეა, რომელიც დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება;
• იმისათვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს მომავალზე ორინეტირებული და არცერთ ხელისუფლებას არ მიცეს წარსული შეცდომების გამეორების უფლება;

გვსურს მოგიწოდოთ:
1. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დიალოგი საზოგადოებასთან, თუ რა გზებითაა შესაძლებელი ქვეყნის მომავალი განვითარება. ამ მიზნით, მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა სხვადასხვა უწყებებში მიმდინარე რეფორმების კონცებციების შემუშავებაში. ასევე, მოსახლეობის ინფორმირება არსებული ხედვების შესახებ;
2. შეიქმნას კომისია/სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადებში შეიმუშავებს „სამართლიანობის აღდგენის“ პლათფორმას. კომისიამ/სამუშაო ჯგუფმა განსაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე მოხდება „სამართლიანობის აღდგენა“ და რომელთა გამოყენება გამორიცხავს დაკავებულთა მიმართ პოლიტიკური დევნის ეჭვის წარმოშობას;
3. შეწყდეს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ხელის შეშლა და შეიქმნას მედიაციის ინსტრუმენტი, რომელიც შეისწავლის ცალკეულ შემთხვევებს და უზრუნველყოფს ინტერესთა ჯგუფების ჩართვით პრობლემების მოგვარებას;
4. შეიქმნას ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება პროფესიონალურ და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილებაზე;
5. უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა მათი ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა ტიპის განსხვავებულების მიუხედავად.

ჩვენ გვესმის, რომ იმ კითხვების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებიდან, არამედ საქართველოს მოსახლეობიდან ისმის, არ გაჩენილა არც არჩევნების და არც ვარდების რევოლუციის შედგომ და მას უფრო ღრმა ისტორია გააჩნია.
შესაბამისად, ჩვენი მოწოდებაა, როგორც ხელისფლების, ასევე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საერთო ძალისხმევით მოვახეხოთ პოლიტიკური სტაბილურობის, საქართველოს განვითარებისა და დასავლური გეზის უზრუნველყოფა.
ამისათვის, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წრამომადგენლები, მზად ვართ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. აქტიურად ჩავერთოთ დისკუსიაში, შემოგთავაზოთ ჩვენი გამოცდილება და ექსპერტიზა, ვიმუშაოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსტრუქციულ რეჟიმში, რათა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდეს.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრები:
1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“
2. დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი)
3. სასწავლო საინფორმაციო ცენტრი „ქართლი 21“ (ხაშური)
4. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი)
5. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი (ხარაგაული)
6. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხაშურის რაიონული კომიტეტი (ხაშური)
7. დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
8. ასოციაცია ბილიკი (გორი)
9. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი (მცხეთა)
10. მეგობრობის ხიდი ქართლოსი (გორი)
11. ა/ო სტეფანწმიდა (სტეფანწმინდა)
12. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი)
13. უკეთესი მომავლისთვის (წეროვანი)
14. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)
15. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)
16. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი (ბოლნისი)
17. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (ტყიბული)
18. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
19. გორის ინვალიდთა კლუბი (გორი)
20. დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
21. მედია და საზოგადოება (ფოთი)

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი შეიქმნა

Image21 დეკემბერს სასტუმრო ,,ბომონდ გარდენში“ სამოქალაქო განვითარების სააგენტო ,,სიდამ“ პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-SCN) ფარგლებში, ქსელის წევრი ორგანიზაციებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის მიზანია მოახდინოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების რესურსების კონსოლიდაცია, რათა ერთიანი ძალისხმევით მოხდეს ადგილობრივი პრობლემების მოგვარება და ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი. შეხვედრა ასევე მიზნად ისახავს ქსელის წევრი ორგანიზაციებისთვის საქმიანობის ინსტრუმენტების გაცნობასა და სამომავლო აქტივობების ტექნიკური დეტალების ირგვლივ შეთანხმების მიღწევას.

როგორც შეხვედრაზე სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რეგიონული ქსელი ხელს შეუწყობს, რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მჭიდროდ იქონიონ კავშირი ერთმანეთთან, იმისათვის, რომ მოხდეს აღმოჩენილ პრობლემებზე ეფექტური რეაგირება.

 „ძირითადი იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთობლივი მეთოდოლოგიით მოვახდინოთ რეგიონებში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შემდეგ ამ პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს უნდა განხორციელდეს საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაციით.“–განაცხადა დევდარიანმა.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს რეგიონის 40 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ ერთობლივი საქმიანობის პრინციპებსა და ხედვებზე და ხელი მოაწერეს სპეციალურ კომუნიკეს. კომუნიკეს მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიმუშავებენ პრობლემების გამოვლენის, საჭიროებათა ანალიზის, სტრატეგიის შემუშავებისა, ადვოკატირების, სერვისების მიწოდების/ watch dog საქმიანობის სტრატეგიას.

 მარიკა მღებრიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბილიკის” აღმასრულებელი დირექტორი: „დღეს შეკრებილი საზოგადოება ძალიან მრავალფეროვანია, სხვადასხვა პროფილით და პროფესიით. როდესაც საუბარია ერთიანი რეგიონული ქსელის შექმნაზე, მნიშვნელოვანია მათი შეხედულებებისა და გამოცდილების გაზიარება. ერთობლივად მუშაობის პერსპექტივა იქნება ქსელის სიძლიერის გარანტი. ჩემი და ჩემი ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ადვოკატირების პროცესი და ვფიქრობ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.“ 

ინგა პაიჭაძე, სიქას წარმომადგენელი: „საფუძველი ჩაეყარა რეგიონულ გაერთიანებას, რომლის კონცეფცია არის საინტერესო და განსხვავებული. განსხვავდება იმ კუთხით, რომ ქსელი მოიცავს თითქმის ყველა რეგიონს  და მისი მიზანია ქვეყნის მასშტაბით პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა. ეს დაგვეხმარება ორგანიზაციებს, რომ სწორედ იმ პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს, ვინაიდან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც საზოგადოების აზრი და ორგანიზაციის ხედვა არ ემთხევა ერთმანეთს. ორგანიზაციის მიერ აღმოჩენილი პრობლემა ხშირად სულაც არ არის ისეთი აქტუალური მოსახლეობისათვის, როგორც ორგანიზაციისთვის.“ 

პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელო (R-SCN) ხორციელდება საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) მხარდაჭერით. 

SIIMS-ის ფარგლებში შიდა ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა გაიმართა

SIIMS

13 დეკემბერს „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების“ (SIIMS)  პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა  ქეა საერთაშორისოს და სამოქალაქო განვითარების სააგენტო “სიდას” მიერ იყო ორგანიზებული. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას იმ თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა პრობლემებიც იქნა განხილული, კერძოდ: ბერბუკის, კარალეთის, ხურვალეთის, საქაშეთის, შავშვების, სკრის, ვერხვების დევნილთა ჩასახლების წარმომადგენლები.

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს გაწეული დამხარებისთვის და აღნიშნა,რომ ერთობლივი მუშაობა და მოსახლეობის უფრო აქტიური ჩართვა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში, ხელს შეუწყობს პრობლემების ეფექტურად მოგვარებას და შედეგების გაუმჯობესებას.

“ეს შეხვედრა ჩატარდა დევნილთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში, რაც გულისხმობს დევნილთა დახმარებას და მათი ინტერესების ადვოკატირებას. პროექტს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია სიდასთან ერთად ახორციელებს ქეა საერთაშორისო კავკასიაში. მე მქონდა შეხვედრები ქვემო და შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც ყველა ის პრობლემა განვიხილეთ, რომელიც ჩვენი კვლევების შედეგად დევნილთა ჩასახლებებში გამოვლინდა . გვჯერა რომ ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად გაითვალისწინებს ყველა იმ პრობლემას და შეძლებისდაგვარად ასახავს 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვეცდებით, რომ დევნილების ინტერესების გათვალისწინებით ყველა დასახული მიზანი შევასრულოთ ამ პროექტში.“- განაცხადა „სიდას“ ადვოკატირების მენეჯერმა ჯუბა მარუაშვილმა.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების” (SIIMS)  პროექტს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC).

მსგავსი შეხვედრები მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებშიც  ჩატარდა.

ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ბაზრის ღირებულებათა ჯაჭვი გამოვლინდა

IMG_5759 - Copy

ინტერვიუ „სიდას“ პროექტ JOIN-ის მენეჯერ ნინო ჩიტორელიძესთან

ნინო, დასრულდა პროექტ ჯოინის სამუშაო შეხვედრების მეოთხე ეტაპი. რა ეტაპი იყო ეს და რამდენი შეხვედრა გაიმართა აღნიშნული ეტაპის ფარგლებში?

პროექტის „ადგილობრივი მოქმედი მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში – JOIN” ფარგლებში ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის 6 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი, მარნეული, ნინოწმინდა, ახალქალაქი) ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავების მე-4 ეტაპი განხორციელდა. ადგილობრივი განვითარების სამუშაო ჯგუფებმა (60-ზე მეტი მონაწილე) გაიარეს ტრენინგ-კურსი ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის არსის, ინსტრუმენტების გაცნობის და ბაზრის მოთამაშეების გამოვლენის მიზნით.

რა ფორმატით მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები და ვინ უწევდა მას ფასილიტაციას?

ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა: გასული შეხვედრის უკუკავშირი, დისკუსია და გეგმის შესაბამისი ნაწილის სამუშაო ვერსიის მიღება, ტრენინგი თემაზე: ადგილობრივი ბაზრის ღირებულებათა ჯაჭვის არსი, პროცესი, მიზნები და ფუნქციები; დავალება: ადგილობრივი ბაზრის სქემის მოთამაშეების გამოვლენა და პრობლემების დადგენა. პროცესს უძღვებოდა კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ტრენერ-კონსულტანტთა ჯგუფი.

რა ძირითადი პრიორიტეტები და საჭიროებები გამოიკვეთა სამუშაო შეხვედრების დროს?

სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფებმა განიხილეს ბაზრის განვითარების ხედვა და პრიორიტეტები და დაადგინეს, რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ახალი მიდგომების დანერგვა და  ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უმთავრეს პრობლემებს წარმოადგენს თანამედროვე ფერმერებისთვის.

რა სახე მიიღო ღირებულებათა ჯაჭვმა?

სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფის წევრები გაეცნენ ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის თეორიულ საფუძვლებს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. გამოავლინეს ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტული პროდუქტი და გააანალიზეს ის პრობლემები, რაც ბაზრის გაუმჯობესებასა და განვითარებას აფერხებს.

როგორ ჩაიარა აღნიშნულმა ეტაპმა სომხეთში?

სომხეთის 7 თვითმმართველ ერთეულში მიმდინარეობს პარალელური პროცესი, მზადდება ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმები. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთ თვითმმართველ ერთეულში, ნოემბრიანში არის დასრულებული გეგმა, სადაც გამოვლენილი იქნა ადგილობრივი ეკონომიკის ღირებულებათა ჯაჭვი. წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით ორ მუნიციპალიტეტში გეგმის დასრულება.

რა ეტაპები უძღოდა წინ მე-4 ეტაპს?

მე-4 ანუ ღირებულებათა ჯაჭვის გამოვლენის ეტაპს წინ უძღვოდა მუნიციპალიტეტების შესახებ ზოგადი ინფორმაციის შეგროვება და პროფილის ჩამოყალიბება, ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე შესაძლებლობებისა და საფრთხეების დადგენა. შემუშავდა ადგილობრივი განვითარების ხედვა და პრიორიტეტები.

როგორ განვითარდება სამომავლოდ პროექტი?

პროექტის მიზანია შეიქმნას ადგილობრივი განვითარების გეგმები ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში, მოხდეს მათი წარდგენა ადგილობრივი და ეროვნული დონის მოთამაშეებთან (თვითმმართველობა, ცენტრალული ხელისუფლება, დონორები, ინვესტორები) და მოხდეს სამოქმედო გეგმის ფარგლებში გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირება. პარალელურად შეიქმნება ბიზნესის განვითარების საინფორმაციო ცენტრები, სადაც ყველა დაინტერესებულ ფერმერს მიეცემა საშუალება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, კონსულტაცია, ტრენინგი, მისთვის საჭირო თემებსა და საკითხებზე.



Follow

Get every new post delivered to your Inbox.